ქართველური ენების კვლევის ჯგუფი

ქართველურ ენათა ჯგუფი აერთიანებს ოთხ ქართველურ ენას – ქართულს, სვანურს, მეგრულსა და ლაზურს, რომელთაგან სამწერლობო მხოლოდ ქართულია. ქართული სალიტერატურო ენის ისტორიისა და სტრუქტურის კვლევისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული მონათესავე ენის გრამატიკის საკითხებისა თუ ლექსიკის გამოწვლილვით ანალიზს. ქართველური ენების კვლევის ჯგუფი ჩამოყალიბდა ორი სამეცნიერო პროექტის ბაზაზე. პროექტების ფარგლებში ჯგუფის სამუშაო შემოიფარგლა მეგრულის მეცნიერული შესწავლით, რაც ითვალისწინებს კილოურად სრული, ჟანრობრივად მრავალფეროვანი და ქრონოლოგიურად განსხვავებული (გამოცემული და თანამედროვე მეტყველების ამსახველი) მეგრული ტექსტების ლინგვისტურ ანალიზს, მათ განთავსებას მონაცემთა ბაზების სახით: ჩაწერას ტრანსლიტერაციის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, მორფოლოგიურ სეგმენტაციას, განმარტებებს (გლოსირებას), გაბმული ტექსტის ქართულ და ინგლისურ თარგმანებს. ქართველური ენების მეცნიერული შესწავლით არაერთი ქართველი თუ უცხოელი მეცნიერი დაინტერესებულა. დიდია ინტერესი დღესაც. ჯგუფის მიერ გაწეული მუშაობა ხელს შეუწყობს ქართველოლოგიის განვითარებას როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ. სამომავლო პერსპექტივაა სხვა სპეციალისტებით ჯგუფის შევსება და გაფართოება როგორც საკვლევი დარგის, ასევე არეალისა (მეგრული მასალის სემანტიკური ანალიზი და ფუნქციური გრამატიკის საკითხების განხილვა; ქართველური ენების შედარებითი გრამატიკის დამუშავება), რათა ქართველური ენების კვლევის შედეგებს მეტად იცნობდეს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება და მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ტიპოლოგიური კვლევის დროს.